ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ომის გაგრძელება არ შეესაბამება არც ირანის, არც რეგიონისა და არც მთელი კაცობრიობის ინტერესებს და ხაზი გაუსვა არსებული პრობლემების დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის აუცილებლობას.
როგორც ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA იუწყება, ფეზეშქიანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, რომელიც ყირგიზეთში მიმდინარეობს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდა.
შეხვედრის დროს ფეზეშქიანი აშშ-სთან ურთიერთობებში არსებულ დაძაბულობას შეეხო.
„მას შემდეგ, რაც ჩვენი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა, ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ, ასევე პრობლემების დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტისკენ. თუმცა, სამწუხაროდ, დიპლომატიური მექანიზმების გამოყენების ნაცვლად, ამერიკელებმა აირჩიეს ომის, დესტაბილიზაციისა და ძალის გამოყენების გზა საკუთარი ნების თავს მოსახვევად“, — განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
ფეზეშქიანმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონმა დაარღვია 17 ივნისს აშშ-სა და ირანს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი და აღნიშნა, რომ თეირანი ამერიკული მხარისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ელოდება.
„ამასთანავე, ჩვენ კვლავ ვცდილობთ შეთანხმებისა და ურთიერთგაგების მიღწევას და მიგვაჩნია, რომ ომის გაგრძელება არ შეესაბამება არც ჩვენი ქვეყნის, არც რეგიონის და არც მთელი კაცობრიობის ინტერესებს“, — განაცხადა მან.
ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საღი აზრი მოითხოვს ომისა და მისკენ წაქეზების თავიდან აცილებას.
მისი თქმით, აშშ-ში არსებობენ ძალები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ომის გაგრძელება მათ ინტერესებს შეესაბამება და კონფლიქტების შენარჩუნებას ემხრობიან.