ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) წარმომადგენელმა ჰუსეინ მოჰებიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი თავდასხმის შემთხვევაში ირანის თავდაცვითი და შეტევითი მოქმედებები სერიოზულ ცვლილებებს განიცდის.
ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში გამოსვლისას მოჰებიმ აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან ირანის წინააღმდეგ ახალი თავდასხმების ალბათობაზე ისაუბრა.
„თუ ახალი თავდასხმა განხორციელდება, ჩვენი თავდაცვითი და შეტევითი მოქმედებები სერიოზულად შეიცვლება. თუ ახალი თავდასხმა განხორციელდება, ჩვენ შევცვლით შეიარაღებას და ომის გეოგრაფიას. ბრძოლის ველზე გამოყენებული იქნება ახალი შეიარაღება, რომელიც ახალი შესაძლებლობებით იქნება აღჭურვილი, და მსოფლიო გაოგნებული დარჩება. ჩვენი სამიზნეები აღარ არის ძველი სამიზნეები. ჩვენ განვსაზღვრეთ ახალი სამიზნეები, რომლებზეც ჯერ დარტყმები არ განხორციელებულა“, — განაცხადა მოჰებიმ.
მოჰებიმ აღნიშნა, რომ ირანი ხანგრძლივი ომისთვის მზად არის,: „ჩვენი აზრით, ომს სხვადასხვა ეტაპი აქვს. ომი არ მთავრდება, ის გრძელდება. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი უკვე მზად იყო ომისთვის, ახლა კი კიდევ უფრო უკეთ არის მზად“.
მოჰების განცხადებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ამ დრომდე აშშ-თან კონტაქტები არ დაუმყარებია, ხოლო შეიარაღებულ ძალებს დიპლომატიურ პროცესებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მისი თქმით, არმიის მთავარი ამოცანა ქვეყნის დაცვაა.
„აშშ-ის ჰეგემონია რეგიონში დასრულდა. ახალ წესრიგს განსაზღვრავს ირანი და არა აშშ“, — განაცხადა მოჰებიმ.
მისი თქმით, აშშ მრავალი წლის განმავლობაში რეგიონის ქვეყნებში სამხედრო ბაზებს ქმნიდა და ამით საკუთარი მაღალი თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ წარმოდგენას აყალიბებდა. მოჰების განცხადებით, ეს ბაზები ირანმა დაბომბა და მწყობრიდან გამოიყვანა.