ბაქო–თბილისი–ბაქოს მარშრუტზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, 1 ნოემბრიდან ყოველდღიურად 4 რეისი შესრულდება.
ამის შესახებ Report-ს აზერბაიჯანის რკინიგზაში განუცხადეს.
ინფორმაციის თანახმად, სამგზავრო ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე, თითქმის 50%-ით გაიზრდება. დამატებით რეისებზე სტანდარტული კლასის ბილეთების ფასი 36 მანათიდან დაიწყება, რაც 30%-ით იაფია. ბაქოდან თბილისის მიმართულებით ერთი მგზავრობის მინიმალური ღირებულება 54 მანათი იქნება, ევლახიდან — 44 მანათი, განჯიდან — 41 მანათი, აღსტაფადან — 38 მანათი, ბოიუქ-ქესიკიდან — 36 მანათი. შედარებისთვის, ამჟამად Stadler-ის ვაგონებში ბაქოდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის მინიმალური ღირებულება 77,50 მანათს, ხოლო განჯიდან — 56,80 მანათს შეადგენს.
დამატებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა 2 ოქტომბრიდან დაიწყება. მგზავრებს როგორც ღამის, ისე დღის რეისებით სარგებლობა შეეძლებათ.
ახალი განრიგის თანახმად, მოქმედი მატარებელი ბაქოდან 23:00 საათზე გავა და თბილისში მეორე დღეს 08:41 საათზე ჩავა. უკან, თბილისიდან, მატარებელი 11:00 საათზე გაემგზავრება და ბაქოში 20:26 საათზე ჩავა.
ახალი რეისი ბაქოდან ყოველდღიურად 09:10 საათზე გავა და თბილისში 19:11 საათზე ჩავა, საპირისპირო მიმართულებით კი 22:00 საათზე გაემგზავრება და ბაქოში მეორე დღეს 07:57 საათზე ჩავა.
ბილეთების ონლაინ შესაძენად მგზავრებმა აზერბაიჯანის რკინიგზის ვებგვერდზე და ADY Mobile-ის აპლიკაციაში პირადი კაბინეტი MyGov ID-ის მეშვეობით, FIN-ის პირადი საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანით უნდა დაადასტურონ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა მიუთითონ თავიანთი ქვეყანა და ტელეფონის ნომერი, რომლის დადასტურებაც OTP-კოდით უნდა მოხდეს.