სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც Report-ი Armenpress-ზე დაყრდნობით იუწყება, ამის შესახებ ფაშინიანმა ჰესენის მშვიდობის პრემიის მიღების ცერემონიაზე განაცხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომელიც თანაბრად იმსახურებს ამ პრემიას. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხებს. კონფლიქტით გამოწვეული სირთულეების, ადამიანური დანაკარგებისა და ტანჯვის მიუხედავად, მათ მიიღეს და მხარი დაუჭირეს მშვიდობას, რადგან ესმით, რომ წარსულს ვერ შეცვლიან, მაგრამ შეუძლიათ შეცვალონ აწმყო და მომავალი“, – განაცხადა მან.
ფაშინიანის თქმით, მშვიდობის დამყარების საფუძველი გახდა ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც მან და ილჰამ ალიევმა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამიტზე მიიღეს და რომელსაც ხელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანდასწრებით მოეწერა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2024 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს და მოახდინეს დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე მომუშავე კომისიების ერთობლივი საქმიანობის შესახებ დებულების რატიფიცირება. დოკუმენტმა 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაცია ამ პროცესის ფუნდამენტურ პრინციპად დაამკვიდრა.
„ეს ნიშნავს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ორი საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიების შესაბამისად. ეს პრინციპი ასევე განმტკიცებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმებაში, რომელსაც პარაფირება ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის დროს მოახდინეს “, – განაცხადა მან.
ფაშინიანმა შეთანხმების პარაფირებასა და ერთობლივი დეკლარაციის მიღებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში ისტორიული გარღვევა უწოდა.