სომხეთის მთავრობა წინააღმდეგი არ იქნება, თუ რუსეთი გიუმრიდან 102-ე რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს. როგორც Armenpress-ი იუწყება, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ არასოდეს დაგვიყენებია დღის წესრიგში სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის საქმიანობის საკითხი; ახლა რუსეთმა ეს საკითხი განსახილველად წამოაყენა და ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას ვაყალიბებთ. მაშ, რა უნდა გავაკეთოთ? „ძლიერი სომხეთის“ ლიდერს მივბაძოთ და ვთქვათ: „სახლის გარეშე დაგვრჩით“? თუ მათ მისი გაყვანა სურთ, გაიყვანონ. მე ვამბობ, რომ 2022 წლის სექტემბრის მოვლენებმა აჩვენა, რომ 102-ე სამხედრო ბაზას სომხეთის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენს თანამდებობის რომელიმე პირს რუსი თანამდებობის პირისთვის მსგავსი კითხვა დაესვა ან ეს საკითხი საერთოდ დაეყენებინა. თუ ისინი მის გაყვანას გადაწყვეტენ, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით. 102-ე სამხედრო ბაზა სომხეთის უსაფრთხოებას არაფერს მატებს. თუ მათ მისი გაყვანა არ სურთ, ამ საკითხის განხილვისთვისაც მზად ვართ“, — განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერმა დაადასტურა, რომ სომხეთი დაბალანსებულ და გამაწონასწორებელ საგარეო პოლიტიკას ატარებს.
„ჩვენ არ გვჭირდება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან გარიცხვით დამუქრება. თუ სურთ, გაგვრიცხონ. თუ არ სურთ — ნუ გაგვრიცხავენ“, — განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
2 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბიშკეკში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ მას რუსეთის სამხედრო ბაზა არ სჭირდება, რუსეთი მზად არის, ის „თუნდაც ხვალ“ გაიყვანოს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ თუ სომხურ მხარეს რუსეთის სამხედრო ყოფნის შენარჩუნება სურს, მოსკოვი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზად არის.
3 სექტემბერს ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ამ განცხადებას უპასუხა და ხაზი გაუსვა, რომ ერევანს 102-ე სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი არ დაუყენებია.