ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრ არარატ მირზოიანსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მნიშვნელობას და ისაუბრეს 2025 წლის ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტზე გაფორმებული შეთანხმებების შემდეგ მიღწეულ პროგრესზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვას. ამ კონტექსტში, მშვიდობის უპირატესობების პრაქტიკულ მაგალითად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-სატრანზიტო თანამშრომლობა დასახელდა. მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები სხვადასხვა მრავალმხრივ პლატფორმაზე პოზიტიური დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობის შესახებ და პირდაპირი დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.