აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) განიხილავს უზბეკეთიდან დიზელის საწვავის მსოფლიო ბაზრებზე ტრანზიტის შესაძლებლობას საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყულევის პორტის ტერმინალის გავლით. ამის შესახებ Report-ს SOCAR-ის საერთაშორისო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თოღრულ ქოჩარლიმ განუცხადა.
„ამჟამად SOCAR Trading უზბეკეთიდან ნაფთას ტვირთავს და შავი ზღვის პორტებს აწვდის. განსახილველი პროდუქტი დიზელია. საუბარია უზბეკეთში წარმოებულ დიზელის საწვავზე. თუ შევთანხმდებით, მისი ექსპორტიც ყულევში ჩვენი ტერმინალის გავლით განხორციელდება“, — განაცხადა მან.
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყაზახეთისა და თურქმენეთისგან განსხვავებით, რომლებიც აზერბაიჯანის მრავალწლიანი ბიზნესპარტნიორები არიან ტრანზიტისა და ეროვნული ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე გატანის საკითხში, ამ სფეროში ტაშკენტთან თანამშრომლობა მხოლოდ მიმდინარე წელს დაიწყო.
„სინამდვილეში, ერთობლივი მუშაობის საფუძველი გაცილებით ადრე — მხარეებს შორის შექმნილი სამწლიანი ენერგეტიკული პროექტის, „თურანის“, ფარგლებში ჩაეყარა. თუმცა მისი პრაქტიკული განხორციელება და აქტიური საოპერაციო საქმიანობა სწორედ მიმდინარე წლიდან დაიწყო“, — განაცხადა ქოჩარლიმ.