აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შავ ზღვაში უცხოურ სატვირთო გემ TEDY-ზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
როგორც Report იუწყება, გემს დრონებით 9 სექტემბერს დაესხნენ თავს. ეკიპაჟის წევრებს შორის აზერბაიჯანის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
თავდასხმის შედეგად ასლან ალიევი და ასიმ გასიმოვი დაიღუპნენ. იმრან ნოვრუზოვი და რაუფ ალიევი დაშავდნენ და ისინი უკრაინის ქალაქ ჩორნომორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებული მოქალაქეების სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნება იგეგმება. სამინისტრო ასევე იღებს ზომებს აუცილებელი საკონსულო დახმარების უზრუნველსაყოფად და დაღუპულთა ცხედრებთან დაკავშირებული პროცედურების განსახორციელებლად.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ რეგიონებში მოგზაურობისგან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ან უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია, ასეთ ტერიტორიებზე მუშაობისგან, ასევე ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, მათ შორის გემებით, მუშაობისგან, რომლებიც ამ მარშრუტებზე გადაადგილდებიან“, — განაცხადა სამინისტრომ.