„როსატომის“ გენერალური დირექტორი ალექსეი ლიხაჩოვი სომხეთის მთავრობას სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე რუსეთის წინადადებებს წარუდგენს. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კითხვაზე პასუხისას, განიხილებოდა თუ არა სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი ბიშკეკში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრის დროს.
„რაც შეეხება ატომურ ელექტროსადგურს, ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ სექტემბერში „როსატომის“ გენერალური დირექტორის, ალექსეი ლიხაჩოვისგან ველოდებით წინადადებებს, რომელთა შეთავაზებაც რუსეთს დღეს შეუძლია სომხეთისთვის ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე. მე უკვე ვთქვი, რომ ატომური ელექტროსადგურის საკითხი ჩვენთვის გეოპოლიტიკურ არჩევანს არ წარმოადგენს — ჩვენ გვჭირდება ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობა. ვინც არ უნდა გააკეთოს ჩვენთვის საუკეთესო შეთავაზება, სწორედ ამ შეთავაზებას მივიღებთ“, — განაცხადა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთმა არსებული ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის 2036 წლამდე გახანგრძლივებაზე მუშაობა დაიწყო. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის მიმართულებით. სომხეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ახალი ატომური ელექტროსადგურის მოდულური კონსტრუქციის შესახებ, ხოლო მის მშენებლობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-სთან, საფრანგეთთან, ჩინეთთან, რუსეთთან და სამხრეთ კორეასთან.