რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, გიუმრიში არსებული რუსული სამხედრო ბაზა გაიყვანოს, თუ სომხეთი მისი ყოფნით დაინტერესებული არ არის. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, შეინარჩუნოს სამხედრო ყოფნა, თუ ამას სომეხი ხალხი მოისურვებს. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, პუტინმა ამის შესახებ ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შედეგებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ სომხეთი ჩათვლის, რომ მას რუსული სამხედრო ბაზა არ სჭირდება, ჩვენ თუნდაც ხვალვე წავალთ. მაგრამ მზად არის ამისთვის სომხეთი? ჩვენ არავის არაფერს თავს არ მოვახვევთ. ხოლო თუ სომეხ ხალხს სურს, რომ რუსული სამხედრო ყოფნა შენარჩუნდეს, ჩვენ დავრჩებით“, — განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში მიიწვია, რათა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები მშვიდ ვითარებაში და სპეციალისტების მონაწილეობით განიხილონ.
„მე ის მოსკოვში მოვიწვიე, რათა მასთან და ჩვენს სპეციალისტებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და აუჩქარებლად განვიხილოთ თითოეული საკითხი. არსებობს კონკრეტული საკითხებიც, მაგალითად, რკინიგზა“, — განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, დიალოგი მშვიდ ვითარებაში წარმართონ.
რაც შეეხება სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას, პუტინი ამბობს, რომ ეს ქვეყნის სუვერენული არჩევანია, თუმცა, მისი შეფასებით, სომხეთი ერთდროულად ვერ იქნება ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში.
„თუ თქვენ გადაწყვიტეთ ევროკავშირისკენ სვლა, ეს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა. ჩვენ და სომეხ ხალხს ისტორიული მეგობრობის, და მეგობრობაზე უფრო ღრმა, კავშირები გვაკავშირებს — სომხებთან, საერთოდ სომეხ ხალხთან, სომხებთან და მათ შორის მსოფლიოს ამ რეგიონშიც, ჩვენი ურთიერთობების ძალიან ღრმა ფესვები გვაქვს. მაგრამ ერთდროულად ერთ და მეორე ორგანიზაციაში ყოფნა უბრალოდ შეუძლებელია — ფიტოსანიტარიული ნორმები, ტექნიკური სტანდარტები და ბევრი სხვა რამ დღეს ერთმანეთთან შეუთავსებელია“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.