აზერბაიჯანის თანამედროვე პროფესიული მუსიკალური ხელოვნების ფუძემდებლის, უზეურ ჰაჯიბეილის დაბადების დღე ჩვენს ქვეყანაში ეროვნული მუსიკის დღედ აღინიშნება. 2009 წლიდან ჰაჯიბეილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ტარდება.
აზერბაიჯანული ეროვნული საოპერო ხელოვნების ისტორია ოპერა „ლეილი და მეჯნუნით“ დაიწყო, რომელიც 118 წლის წინ უზეურ ჰაჯიბეილიმ დადგა. ოპერის პირველი დირიჟორი აბდურაჰიმ ბეკ ახვერდიევი, ხოლო რეჟისორი ჰუსეინ არაბლინსკი იყო. ჰუსეინკულუ სარაბსკიმ მეჯნუნის როლი შეასრულა, ხოლო მზარეულის თანაშემწე აბდურაჰიმ ფარაჯევი ლეილის როლში გამოვიდა. სპექტაკლის პრემიერა 1908 წლის 12 (25) იანვარს ბაქოში, ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევის თეატრში გაიმართა.
„ლეილი და მეჯნუნი“, რომელიც გენიალური აზერბაიჯანელი პოეტის, მუჰამედ ფიზულის, ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით შეიქმნა, პირველი ოპერაა არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ აღმოსავლეთშიც. აღმოსავლეთის საოპერო ხელოვნების ისტორია სწორედ ამ დღიდან დაიწყო.
ამ ოპერის წარმატების შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით შეიქმნა ეროვნული ოპერებიც — „შეიხ სანანი“ (1909), „რუსტამი და სოჰრაბი“ (1910), „შაჰ აბასი და ხურშიდბანუ“, „ასლი და ქერემი“ (1912), „ჰარუნი და ლეილი“ (1915).
აღმოსავლეთში პირველი ოპერეტის შექმნაც უზეურ ჰაჯიბეილის სახელს უკავშირდება. გენიალური კომპოზიტორის პირველი მუსიკალური კომედია სამმოქმედებიანი „ცოლი და ქმარია“. ეს ნაწარმოები აზერბაიჯანში მუსიკალური კომედიის პირველი ნიმუშია. ნაწარმოების პირველი დადგმა 1910 წელს გაიმართა. როლებში მონაწილეობდნენ გ. სარაბსკი (მერჯან ბეკი), ა. აღდამსკი (მინნეთ ხანუმი) და სხვები.
უზეურ ჰაჯიბეილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია. დაუვიწყარმა პიროვნებამ მთელი თავისი ცხოვრება აზერბაიჯანულ კულტურასა და მუსიკას მიუძღვნა, ნოტებზე გადაიტანა 300-ზე მეტი პოპულარული სიმღერა, შექმნა კანტატები, ფანტაზიები, სიმღერები და რომანსები, კამერული და საგუნდო ნაწარმოებები. საინტერესოა, რომ როგორც აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის, ისე საბჭოთა აზერბაიჯანის ჰიმნები, ასევე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შექმნილი თანამედროვე ჰიმნიც გამოჩენილ კომპოზიტორს ეკუთვნის.