ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე მეფე ხალიდის სახელობის ავიაბაზაზე ათობით ბალისტიკური რაკეტითა და უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს.
ჰუსიტების სამხედრო წარმომადგენელმა იაჰია სარიმ განაცხადა, რომ ამგვარად მათ თითქოსდა „მასშტაბური და ხარისხიანი“ დარტყმებით უპასუხეს 300-ზე მეტ საჰაერო დარტყმას, რომელიც, მისი თქმით, საუდის არაბეთმა ბოლო ხუთი დღის განმავლობაში იემენის სხვადასხვა პროვინციაზე განახორციელა.
სარის მტკიცებით, ათობით ბალისტიკური რაკეტითა და დრონით შეტევა განხორციელდა საბრძოლო თვითმფრინავების ანგარებზე, სარადარო სისტემებზე, ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებზე, საბრძოლო მასალების საწყობებსა და მეფე ხალიდის სახელობის ავიაბაზის სხვა სამხედრო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურის ელემენტებზე. ავიაბაზა საუდის არაბეთის სამხრეთში, ხამის-მუშაიტის რაიონში მდებარეობს.
იაჰია სარის თქმით, დარტყმები „ზუსტი“ იყო და მათ ავიაბაზას „მნიშვნელოვანი ზარალი“ მიაყენეს.
ჰუსიტები საუდის არაბეთზე თავდასხმების გაგრძელებით იმუქრებიან.
სარიმ განაცხადა, რომ ჰუსიტები საუდის არაბეთის შიდა რაიონებზე დარტყმებს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე იემენზე თავდასხმები გაგრძელდება.
მისი თქმით, მოძრაობა აპირებს დაიცვას პოლიტიკა — „ბლოკადას ბლოკადით და ესკალაციას ესკალაციით პასუხი“.
„საუდის არაბეთის შიდა რაიონებზე შეტევები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე იემენზე იერიშები გაგრძელდება“, — განაცხადა სარიმ.
საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის გენერალურმა სამმართველომ მანამდე, ღამით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში — ხამის-მუშაიტში, აბჰაში, ჯიზანსა და ნაჯრანში — პოტენციური საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა.