საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს შეხვდა.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის შსს-ზე დაყრდნობით, შეხვედრისას ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ხაზი გაესვა, რომ სომხეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული დანაშაულთან ბრძოლის შესახებ შეთანხმება პარტნიორობის გაძლიერებისა და გაფართოების საფუძველს წარმოადგენს.
განხილული იყო ნარკოტრაფიკის, უკანონო მიგრაციისა და დანაშაულის სხვა სახეობებთან ბრძოლის მიმართულებით ერთობლივი პროგრამები.
მხარეებმა სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზეც იმსჯელეს. ასევე შეეხნენ რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი.